ლუგანსკში, რუსეთის 5 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ - უკრაინის სახმელეთო ძალები

თვითმფრინავი

უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, მათ ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების ტელეგრამის გვერდზეა ნათქვამი.

ამასთანავე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, უკრაინის საჰაერო ძალები საჰაერო თავდასხმებს წარმატებით იგერიებს.

„დღეს, 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთში ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, ასევე მიიტანეს სარაკეტო - დაბომბვითი იერიშები აეროდრომებზე ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში. ისინი ასევე თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ობიექტებს. ამასთანავე, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიასა და დასახლებულ პუნქტებზე საარტილერიო თავდასხმა, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ,“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, მათ დაიკავეს და უჭირავთ თავდაცვითი პოზიციები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ამასთანავე, გენერალურმა შტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული დესანტი ოდესაში ჩავიდა.

მეტის ნახვა