ახლა რომ მე რაღაც როლი შევასრულო რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს ხომ წარმოუდგენელია?! - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების, მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარი განაცხადეს და უკრაინას იარაღი არ მიაწოდეს. ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით, ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, ასევე რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების, მხოლოდ დიპლომატიის გზით. ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: „ჩვენ ომზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ომის საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ომი უნდა იქნას თავიდან აცილებული. ეს ყოველივე უნდა გააკეთოს მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამ პროცესში თუ რაიმე წვლილს შევიტანთ, ეს ძალიან კარგი იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ მე რაღაც როლი შევასრულო რუსეთსა და უკრაინას შორის? ეს ხომ წარმოუდგენელია?!“.

მეტის ნახვა