სამაუწყებლო კომპანია TV 25 მაუწყებლობს:

  • სილქ TV
  • მაგთი IP TV
  • MYVIDEO
  • თანამგზავრული მაუწყებლობა
  • ციფრული მაუწყებლობა [ბათუმი, ქობულეთი და ხელვაჩაურის ნაწილი]
  • სხვადასხვა ქალაქი - ყველა საკაბელო ტელევიზია

TV 25 - 1993 წლის 15 ივნისს დაარსდა. ტელევიზიამ მაუწყებლობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. ფონდ “ინტერსიუსის” და საქართველოს სატელევიზიო ქსელის დახმარების შედეგად, 1995-1996 წლებში TV 25-ის მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აჭარის იმდროინდელი ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთვა ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა.

სწორედ ამიტომ, 2000 წლის 19 თებერვალს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა “TV 25”-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა. მრავალწლიანი სასამართლო დავა მხოლოდ აჭარის რევოლუციამ დაასრულა, როცა ბათუმიდან თბილისში იძულებით გადასახლებულმა დამფუძნებლებმა ოთხი წლის განმავლობაში წართმეული ქონება უკან დაიბრუნეს.

თუმცა, 2004 წლის 1 სექტემბერს ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ ტელევიზიას სახელმწიფოს სოლიდური დავალიანება დააკისრა, რამაც სათავე დაუდო მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზიაში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი.

2006 წლის 28 ივნისს “TV 25” ახალი სირთულეების წინაშე დადგა. პრობლემები ელექტროენერგიის შეწყვეტით, ბათუმში მოქმედ ყველა საკაბელო ქსელში ტელეარხის გადაცემათა გამორთვით და იმ შენობის ნგრევით იყო გამოწვეული, სადაც “TV 25”-ის სტუდია და ოფისი იყო განთავსებული. ტელევიზიის კოლექტივისათვის ჩვეული ერთსულოვნებისა და ენთუზიაზმის შედეგად, ყველა ზემოხსენებული დაბრკოლება უმოკლეს ხანში გადაილახა. თუმცა, ამავე დროს ყადაღა დაედო „TV 25“-ის ანგარიშს. დაყადაღებული ანგარიშის პირობებში „TV 25“ სამი წლის განმავლობაში მაუწყებლობდა.

2007 წლის 7 ნოემბერი ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზიაზეც მტკივნეულად აისახა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მაუწყებლობა გამორთეს, 17 ნოემბრამდე “TV25” არ მაუწყებლობდა და სტუდიაში პოლიციელები მორიგეობდნენ.

ამ ეტაპზე ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აღჭურვილია ციფრული აპარატურით. 2004 წლიდან დღემდე ყოველდღიურად მზადდება საინფორმაციო პროგრამა “მაცნე”, რომელიც აჭარაში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

შესაბამისობის დეკლარაცია

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა