"მათი არ თანამშრომლობით რამე არ გაფუჭდება, წარმატებებს ვუსურვებ, სადაც წავლენ" - ლადო მგალობლიშვილი NGO-ებზე, რომლებმაც უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

"არც მათი თანამშრომლობით ფუჭდებოდა ჩვენთან რაიმე და არც მათი არ თანამშრომლობით გაფუჭდება რაიმე", - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას, რომლებმაც წარმომადგენლობით ორგანოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.

ლადო მგალობლიშვილის თქმით, ეს მათი გადასაწყვეტია და წარმატებებს უსურვებს, "სადაც წავლენ და როგორც წავლენ".

"არავითარი პოზიცია არ მაქვს, არც მათი თანამშრომლობით ფუჭდებოდა ჩვენთან რაიმე და არც მათი არ თანამშრომლობით გაფუჭდება რაიმე, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს მათი პოზიციაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. ამის გამო მათ არავინ არ დასჯით, ეგ რომ მიშას დროს ექნათ, ალბათ, ახლა დაჭერილები იქნებოდნენ. წარმატებებს ვუსურვებ, სადაც წავლენ და როგორც წავლენ", - თქვა მგალობლიშვილმა TV25-ის ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტენ. მათი შეფასებით, გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ნებისმიერ თანამშრომლობას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად - მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.

მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.

ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი - საქართველოს წინსვლა.

სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას. წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს.

დემოკრატიის ინსტიტუტი;
მწვანე სექტორი;
ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“; 
ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“;
ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი;
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი;
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD);
ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)", - განაცხადეს არასამთავრობოებმა.

 

სრული ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ნახეთ ბმულზე.

მეტის ნახვა