"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - დღეს, ბათუმში აქცია გაიმართება

არა რუსულ კანონს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს ბათუმში ისევ გაიმართება. აქცია 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება.

"ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა - გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული. ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა. 29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან თავისუფლების მოედანი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, მწვანე სექტორი, მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი, შშმ ქალთა ალიანსი - აჭარა.

დღესვე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება თბილისშიც. აქცია ვაკის პარკში, 17:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები არიან ტალღა, ფემინა, ჯიუტი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის და კარი.

შეგახსენებთ, 17 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყო. ამასთან, დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.

მეტის ნახვა