იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა | განცხადებები სხდომიდან

კრიტიკული კითხვების გამო გათიშული მიკროფონები და ერთმანეთის მიყოლებით გაძევებული დეპუტატები, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან. დღეს ე.წ რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კრიტიკული კითხვების გამო კი, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წევრები დარბაზიდან გააძევა. მათ შორის აღმოჩნდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. იაგო ხვიჩიამ, ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა  დილის 10-ის ნახევრიდან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვით გაიხსნა.

დარბაზში დაძაბულობა პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა რასაც, გაძევებების სერია მალევე მოჰყვა. პირველი, ვისაც იქაურობა იძულებით დაატოვებინეს,  სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე იყო.

მუხლობრივი განხილვის პარალელურად ოპოზიციონერ დეპუტატებს ბევრი კრიტიკული კითხვა გაუჩნდათ. სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ოპოზიციის წევრებს  მათი დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა. უფრო მეტიც, მათ მიკროფონით სარგებლობის საშუალებას უზღუდავდა.

სხდომის მიმდინარეობისას ისმოდა კრიტიკული რეპლიკები და  შენიშვნები, რასაც  ანრი ოხანაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფით პასუხობდა. დარბაზიდან გაძევებულებს შორის აღმოჩნდა ეკა ხერხეულიძეც.

ე.წ რუსული კანონის განხილვისა დარბაზიდან გაძევებულთა სიაში მოხვდნენ დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ოცნების  წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც მას  გამყიდველი უწოდა.

დარბაზიდან გაძევებებით გაღიზიანებულმა დეპუტატებმა, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით დატოვეს. მათ შორის აღმოჩნდნენ, ანა ნაცვლიშვილი, პაატა მანჯგალაძე და იაგო ხვიჩია. მათი შეფასებით, პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობდა.

ანრი ოხანაშვილმა სხდომა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსაც დაატოვებინა, რის შედეგადაც, მმართველი გუნდის წევრები დარბაზში ოპოზიციის გარეშე, კომფორტის ზონაში აღმოჩდნენ.

დღის ბოლოს "ოცნების" იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა. საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ. ჯერჯერობით უცნობია ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

მეტის ნახვა