ანტირუსული აქციის დროს, შსს-მ პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების გამო 2 პირი დააკავა - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან, აგენტების საწინააღმდეგო აქციის დროს, რკინის ჯებირის დაზიანების გამო ორი პირი დააკავეს.

მათ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ნივთის დაზიანებას ედავება. დაკავებულები არიან 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა