ხალხის მობილიზება კონტრაქციისთვის ბათუმიდან

კონტრაქციაზე დასასწრებად ხალხის მობილიზებას მმართველი გუნდი ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად ახორციელებს. ორგანიზება დილიდან შეიმჩნეოდა აჭარაშიც. ხალხის ტრანსპორტირება ბათუმიდან დედაქალაქის მიმართულებით ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ სამსახურში მყოფი საჯარო მოხელეები და მმართველი გუნდის აქტივისტები სტადიონის მიმდებარედ შეიკრიბნენ.

კონტრაქციაზე მიმავალი ადამიანების ნაწილი ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს აცხადებდა, ნაწილმა კი თქვა, რომ მათი მთავარი გზავნილია მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ სვლა და ქვეყნის სუვერენიტეტი.

მმართველი პარტიის მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციაზე მიმავალ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წინასწარ შედგენილი სიებით აკონტროლებდნენ გამოცხადდნენ თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები დედაქალაქში წასასვლელად, თუმცა ამას კამერების წინ არ აღიარებდნენ. შეკრებილები ამბობდნენ, რომ დედაქალაქში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მიდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართულია. ზოგიერთი მათგანი დამცინავი ტონითაც გამოირჩეოდა.

ადგილზე იმყოფებოდა გიორგი გიორგაძე, რომელიც ბათუმის მერიის შპს-ს თანამშრომელი და მმართველი გუნდის მხარდამჭერია. გიორგაძემ სამუშაო საათებში კონტრაქციაზე წასვლაში პრობლემა ვერ დაინახა.

კონტრაქციაზე მიმავალი ადამიანები აცხადებდნენ, მხარს უჭერენ სიმშვიდეს, სტაბილურობას, წინსვლასა და პროგრესს, ამ შეკრებით კი აჩვენებენ, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი არსებობს.

ე. წ რუსული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეს ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე განახლდა.

მეტის ნახვა