ე.წ. რუსული კანონის განხილვა | პოლიტიკური განცხადებები

კანონპროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ოპონენტების შეფასებით, თუ კი მმართველი გუნდი ამ კანონს მიიღებს, იგი იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი ხელისუფალი, რომელიც ერთ სიბრტყეში დააყენებს მტერსა და მეგობარს.

გაიწვიეთ რუსული კანონპროექტი - დღეს მორიგ ჯერზე, უკვე პლენარულ სხდომაზე მოუწოდა ოპოზიციამ მმართველ გუნდს, უარი თქვას გადაწყვეტილებაზე, რომელიც მხოლოდ კრემლში მოსწონთ.

თავის გამოსვლაში, ოპოზიცია აღნიშნავდა, რომ ათწლეულების განმავლობაში, არაერთი ცნობილი ქართველი სწორედ იმ მუხლით იქნა გასამართლებული, რომლის მიღებასაც ცდილობენ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იმ ადამიანების იდეური მემკვიდრეების წინააღმდეგ იღებს დამაზიანებელ კანონს.

რატომ არის წარდგენილი კანონპროექტი რუსული, ამის მტკიცებას ყველა ხერხით და არგუმენტით ცდილობს ოპოზიცია. ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანია, ქვეყანას ჩამოაშოროს ყველა მეგობარი სახელმწიფო და დატოვოს რუსეთის ამარა. საპირისპიროს ამტკიცებს სახელისუფლებო გუნდი. მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ოცნების ხელისუფლების გარდა ყველას, მათ შორის დასავლეთის ინტერესია, საქართველო მეორად ქვეყნად დარჩეს და შავი ფულით გაუკეთონ ფორმირება ქართულ პოლიტიკას.

დღეს, კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა საპარლამენტო უმრავლესობას, თუ რატომ დააბრუნეს კანონპროექტი უკან დასამტკიცებლად, მით უფრო მაშინ, როცა კრემლმაც მისცა საოკუპაციო რეჟიმს იგივე კანონის მიღების დავალება.

ოცნება გვტოვებს, საგარეო იდეოლოგიური მოკავშირის გარეშე, ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები. არ შეიძლება დაისვას ტოლობა ოკუპანტსა და დასავლეთს შორის, არ შეიძლება ქართულ ენაზე დაიწეროს რუსული კანონი, რადგან იგი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და უამრავი პროგრამის განხორციელებას - აცხადებს ოპოზიცია.

ოპოზიცია ეუბნება „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, იგი იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი ხელისუფალი, რომელიც ერთ სიბრტყეში დააყენებს მტერს და მეგობარს. რომ არ შეიძლება იმგვარი კანონის მიღება, რომელიც სოციალური აფეთქების ზღვარზე ამყოფებს საზოგადოებას.

ოპონენტები ეუბნებიან მმართველ გუნდს, რომ  უნდა ეყოთ გამბედაობა და თქვან, რომ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ ტრიალდებიან, შემდეგ მხარდამჭერები შეაგროვონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ მსგავსი კანონები. 

„ქართული ოცნება“ სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ამბობს, რომ სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვისაა აუცილებელი ამ კანონის მიღება, ამიტომ, მის უკან გაწვევას კატეგორიულად გამორიცხავენ.

მეტის ნახვა