ე.წ. რუსული კანონი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის

პარლამენტი

ე.წ. რუსული კანონი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი, დღის წესრიგს მიჰყვებიან.

"ოცნების" ლიდერის განმარტებით, ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი რატომაა კანონი რუსული. მისივე შეფასებით, "დოგმატური არგუმენტები" აქვთ უცხოელ პარტნიორებსაც.

"ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მითუმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ არ უნდა, ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ, იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან არ მიიღოთო, ასეთი ურთიერთმითითება მიდის", - ამბობს პაპუაშვილი.

სხდომა კვლავ აქციის ფონზე ჩატარდება. პარლამენტში ისევ არ უშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროტესტის მიუხედავად კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის უცხოური დაფინანსებაც აღემატება 20%-ს, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება.

მეტის ნახვა