პატიმრობა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს - მოკლულის ახლობლები ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

კაცს, რომელმაც შუახევში, ცოლს ყელი გამოჭრა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამოაცხადა. მიზეზად კი მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოკლულის მხარე დეკანაძის უმკაცრესად დასჯის მოთხოვნით დღეს სასამართლოსთან შეიკრიბა.

კაცს, რომელმაც შუახევში, ცოლს ყელი გამოჭრა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როლანდ დეკანაძეს გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დამნაშავე ამ დრომდე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება, რადგან მიყენებული თვითდაზიანებების გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

ვიდრე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს წარუდგენდნენ, გარდაცვლილი ქალის ოჯახი, ნათესავები და ახლობლები, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მათ დამნაშავის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს. მელანო ქიზინიძის ახლობლები მოსამართლეს მოუწოდებენ, დეკანაძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯოს და მის მიმართ, უმკაცრესი ღონისძიებები გაატაროს.

შუახევში, 3 აპრილს მოკლული ქალის ნათესავები ამბობენ, რომ ცხედარი სასტიკად ნაწამები და დაზიანებული იყო და რომ, მსგავს მოპყრობას არცერთი ქალი იმსახურებს. მელანოს ნათესავების განმარტებით, აუცილებელია შეიქმნას პრეცედენტი და დამნაშავე სასტიკად დაისაჯოს, რათა ფემიციდის შემთხვევები აღარ განმეორდეს.

აქციაზე უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, მოკლული ქალის ოჯახს, შურისძიებისა და ანგარიშსწორების მიზნით, ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლება სურდა, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნა შეიცვალა. ბაკურიძის შეფასებით, გარდაცვლილის ოჯახისა და ახლობლების მოთხოვნა სამართლიანი და საფუძვლიანია.

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა შუახევში, 3 აპრილს მოხდა. სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ კი, კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 24 ქალი მოკლეს.

მეტის ნახვა