პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება

პარლამენტი

პარლამენტის განცხადებით, გუშინ, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიერ შენობის და ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნდა მისულიყო. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს " გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები".

"წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. 

შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

​უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა