ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნეს

ნიკა კვარაცხელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება.

გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთები გამოძიებას ჯერ ისევ არ ჰყავს გამოვლენილი. პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

მეტის ნახვა