შალვა პაპუაშვილის შეხვედრა აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან

კრიტიკული და უხერხული კითხვები პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილი დღეს დასავლეთ საქართველოში მოქმედი მედიების წარმომადგენლებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. „არა რუსულ კანონს“ - ჟურნალისტთა ნაწილმა ამ შინაარსის პლაკატები გაშალა. კითხვები ძირითადად ე.წ. რუსული კანონის ირგვლივ დაისვა.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მედიის პირისპირ ორი საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ჩვენი ქვეყნისთვის არა დამაზიანებელი, არამედ პირიქით, სიკეთის მომტანია. შალვა პაპუაშვილს კრიტიკულ კითხვებზე პასუხი, ჟურნალისტების მიერ გაშლილი საპროტესტო ბანერების ფონზე, უწევდა.

მედიის წარმომადგენლების უხერხულ კითხვებზე პასუხად პაპუაშვილს ზოგადი არგუმენტები ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში კი ჟურნალისტებს თავადაც კითხვებით მიმართავდა. პარლამენტის თავმჯდომარე, საკითხების გადასაფარად, ოპონენტების კრიტიკასაც არ არიდებოდა

ჟურნალისტების ნაწილს, პაპუაშვილისთვის კითხვები არ დაუსვამს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან კონკრეტული განცხადებებით გამოვიდნენ. მედიის წარმომადგენლები უმრავლესობის ლიდერს, სამუშაო წარსულსაც ახსენებდნენ.

კითხვები შეეხო 29 აპრილს დაგეგმილ აქციასაც. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს შეკრება საზოგადოების ორად გახლეჩას? პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ხალხმა  საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

კითხვა შეეხო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის მთავარსარდლის ყოველი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

TV 25-მა პაპუაშვილთან შეხვედრაზე დღეს ის საკითხი დააყენა, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მედიებისთვის პრობლემურია.

პარლამენტის თავმჯდომარე მედიის კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. ცნობისთვის, ე.წ რუსული კანონის განხილვისას საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ გამოაცხადა და ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს შენობაში შესვლა აუკრძალა.

მეტის ნახვა