103 წლის ქალი აჭარიდან - ულფეთ ხიმშიაშვილის პორტრეტი

გაგაცნობთ უხუცეს ქალს, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შუახევის მუნიციპალიტეტში დაიბადა. ულფეთ ხიმშიაშვილი, ახლა 103 წლისაა. თითქმის ერთი საუკუნე სწორედ მაღალმთიან აჭარაში იცხოვრა. რამდენიმე წლის წინ, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ბათუმში გადმოინაცვლა. ამბობს, რომ ცხოვრება ახლა ბევრად მარტივი და საინტერესოა, ვიდრე გასულ საუკუნეში. 

უხუცეს ქალს გვიყვება პროფესია არ ჰქონია. მთელი ცხოვრება, ოჯახის საქმეებით იყო დაკავებული. მისდევდა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას, მოჰყავდა მოსავალი. ზაფხულობით კი მთაში დადიოდა სადაც მემთეური იყო და ათობით შინაურ ცხოველს  უვლიდა.

განვლილი ცხოვრებიდან ბევრი რამ აღარ ახსოვს, თუმცა რაც არასდროს ავიწყდება, დედაა, რომელიც 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა. სახლის საქმეები ულფეთ ბებომ, ახლა სწორედ მათ გადააბარა,  შვილიშვილებს და მათ შვილებს. 103 წლის ასაკში დროს ძირითადად ეზოში ატარებს. ამბობს, რომ მიწაზე მუშაობა აღარ შეუძლია, თუმცა რძლის მიერ დარგულ მოსავალს,  ხშირად ათვალიერებს და შრომის სურვილს ამით იკმაყოფილებს.

საუკუნის ქალს ვთხოვეთ ძველი ისტორიები და ტრადიციები გაეხსენებინა. ამბობს, რომ საკუთარ ქორწილში ცხენით მივიდა და წითელი საპატარძლო კაბა ეცვა.

ასაკის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს. უხუცესი ქალი კი ამას ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებად თვლის. ყვება, რომ  მისი ბედნიერება ახლა მრავალრიცხოვანი ოჯახია, რომელიც მოხუცის  კეთილდღეობისთვის, ძალ-ღონეს არ იშურებს.

როგორც აღმოჩნდა ულფეთ ხიმშიაშვილი განვლილ წლებს არ მისტირის. წარსულიდან მხოლოდ საყვარელი ადამიანები ენატრება. უხუცესს თანამედროვე ცხოვრების სტილი, მეტი განვითარება და გაჯეტების სამყარო მოსწონს. ამბობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, რადგან მხოლოდ ფიზიკური სილამაზე ჭკნება, გული კი არასდროს ბერდება.

მეტის ნახვა