"ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს" - ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი შუახევში მოკლულ ქალზე

დირექტორის პოსტი

"ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს, ლოქო ნაჭუჭიდან რომ გამოძვრება შემდეგ ასე იქცევიან, რომ სიკვდილამდე მიდის საქმე" – ასე ეხმაურება ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი შუახევში მოკლული ქალის ფაქტს. ფერიდე შაინიძემ ამ შინაარსის კომენტარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე დატოვა.

TV25 სკოლის დირექტორს განმარტებისთვის დაუკავშირდა. ფერიდე შაინიძე ფაქტს უარყოფს და თავს იმით იმართლებს, რომ კომენტარი ფემიციდის შემთხვევას არ ეხებოდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომენტარი მისი ოჯახის შესახებ გააკეთა, თუმცა კითხვაზე, რატომ დაწერა იგი შუახევში მომხდარი ინფორმაციის ამსახველი პოსტის ქვეშ, ვერ გვპასუხობს. მოგვიანებით მან ეს კომენტარი სოციალურ ქსელში წაშალა.

ფერიდე შაინიძე: ნამდვილად არ ეხებოდა გარდაცვლილს.

ჟურნალისტი: აბა ვის ეხებოდა? იქნებ თქვენი კომენტარის შინაარსი ამიხსნათ?

ფერიდე შაინიძე: სიმართლე რომ გითხრათ, ეს იმას ნიშნავს,  მართლა აუვარდებათ თავში [ქალებს] და ბავშვებს დატოვებენ და მთელი ამბები ხდება მერე - ასეთი ამბებია, თორე მაგის მისამართით არა.

ჟურნალისტი: ვის „უვარდება“ თავში? რას გულისხმობთ?

ფერიდე შაინიძე:  ზოგიერთებს. ჩემს ოჯახზე ვგულისხმობ.

ჟურნალისტი: როგორც სკოლის დირექტორი, როგორ ხსნით "თავში ავარდნას"?

ფერიდე შაინიძე: ნუ ცოტა რომ წამოიწევა ზეზე, და არავის აღარ იკადრებს, ესაა ჩემი კომენტარი.

ჟურნალისტი: და სიკვდილამდე რატომ მიდის საქმე?

ფერიდე შაინიძე: ნამდვილად არ ვიცი. არ უნდა მიდიოდეს, მარა ხომ ხედავთ მიდის.

ჟურნალისტი: და რომელ შემთხვევაში მივიდა? გუშინდელ ფაქტს გულისხმობთ ხომ?

ფერიდე შაინიძე: არავინ არაა ამის მომხრე, მარა რას ვიზამთ ახლა.

ჟურნალისტი: ვერ გავიგე შინაარსი.

ფერიდე შაინიძე: ეს იყო ჩემი ოჯახის მიმართ დაწერილი. გული შემტკივა და იმიტომ დავწერე.

[სტილი დაცულია]

სოციალურ ქსელში მითითებული ინფორმაციის თანახმად, ფერიდე შაინიძე ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორად 1993 წლიდან მუშაობს.

აჭარის განათლების სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. უწყების პრესსამსახურში წერილობით განმარტეს, რომ საკითხს მყისიერი რეაგირება მოჰყვა. რესურცენტრი ადგილზეა და ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. რეაგირება კი მას შემდეგ მოხდება, რაც საკითხის შესწავლა დასრულდება.

მეტის ნახვა