რატომ ვერ ხვდება ბათუმის საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ინიციატივები?

იგნორირებული ოპოზიცია და ასევე იგნორირებული მათი ინიციატივები წარმომადგენლობით ორგანოებში. ბათუმის საკრებულოს მაგალითზე ვეცდებით გაჩვენოთ რეალობა,  რომელზეც დიდი ხანია არამხოლოდ კონკრეტული პარტიები, არამედ მესამე სექტორიც საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, თუმცა უკეთეს მდგომარეობაში არც პარტიები „საქართველოსთვის“ და „ლელო საქართველოა“. რატომ არ შეაქვთ საკრებულოების სხდომების დღის წესრიგში ოპოზიციონერი წევრების მიერ ინიცირებული საკითხები?

აკაკი გვიანიძე თითქმის ერთი წელია ბათუმის საკრებულოს წევრია. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, წარმომადგენლობით ორგანოში, ამ დროის განმავლობაში, 10-მდე ინიციატივა აქვს წარდგენილი.  მათ შორის, ავტობუსებში ნულოვანი ტარიფის, საბავშვო ბაღებში ვაუჩერიზაციის, სასკოლო კვების დანერგვის, ავარიული სახლების შესწავლის,  ძველ ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ.  ამბობს, რომ დღის წესრიგამდე და საკრებულოს სხდომამდე, მხოლოდ, ერთმა მათგანმა მიაღწია. ხელისუფლების ოპონენტი, ამ ტენდენციას, მმართველი გუნდის შიშითა და პოლიტიკური შუღლით ხსნის.

იგივე პრაქტიკაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. რევაზ ხარაზი ამბობს, რომ მმართველი გუნდი, მათ მიერ წარდგენილი საკითხების მიმართ, მუდმივად იგნორის რეჟიმშია. პარკირება, გამწვანება, ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის მოწესრიგება - ხელისუფლების ოპონენტებს ბათუმის საკრებულოში 2017-დან 2023 წლის ჩათვლით ჯამში 10 ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი, თუმცა, მთავარი სხდომის დღის წესრიგში ვერცერთი მაათგანი მოხვდა.

საკრებულოში, „ლელოს“ სიით მოხვედრილი, ვაჟა დარჩია საკანონმდებლო საქმიანობას ბოლო ერთი წელია ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე, მემორიალური დაფის განთავსების შესახებ დაკმაყოფილდა, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მწვანეს, მხოლოდ, იმ საკითხებს უნთებს, რომელთა გადაჭრა პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის.

საკითხს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამონიტორინგებს. არასამთავრობო ორგანიზაციის 2017-2019 წლების საკრებულოს საქმიანობის ანგარიშში წერია, რომ საკრებულოში, ინიცირების წესით, ფრაქციებმა, სულ, თორმეტი სამართლებრივი აქტი წარადგინეს, საიდანაც თვითმმართველობამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყველა ინიციატივა მიიღო, ხოლო, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივებიდან, არც ერთი გაიზიარა.

წარმომადგენლობით ორგანოში, 2017 წლიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ოპოზიციის მიერ ინიცირებულია ოცდაათი საკითხი. რატომ ვერ ხვდება ისინი სხდომების დღის წესრიგში? ხელისუფლების ოპონენტების იცინიატივების იგნორირების მიზეზების გასაგებად, ვცადეთ მმართველი გუნდის წევრების ჩაწერა. ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“, „მაცნესთან“ სატელევიზიო კომენტარზე, ამჯერადაც, უარი თქვეს.

მეტის ნახვა