ქობულეთის საკრებულოს კანონდამრღვევი უხელმძღვანელებს

ქობულეთის საკრებულოს კანონდამრღვევი დავით მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ბათუმისგან განსხვავებით, აქ, უმრავლესობაში აღმოჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“, თავმჯდომარის პოსტზე სასურველი კანდიდატურა წარმატებით დაამტკიცა. მმართველ გუნდს აქ ოპოზიციის ხმების საჭიროება არ ჰქონია, შესაბამისად „ოცნების“ დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს და აღმასრულებელი ორგანოს კონტროლი ჩააბარეს პირს,  რომელმაც, მუნიციპალიტეტში მშენებლობა უკანონოდ განახორციელა, ხოლო შემდგომ გავლენების გამოყენებით დაიკანონა. 

23 ხმით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ დავით მჭედლიშვილი არჩიეს.  იგი წინა მოწვევის  წარმომადგენლობით  ორგანოში, აღნიშნულ  პოზიციას, 4 წლის განმავლობაში იკავებდა. კენჭისყრაში 39 დეპუტატიდან, მონაწილეობა, მხოლოდ, 24-მა მიიღო. 1 ბიულეტენი გაბათილდა.  პარტია საქართველოსთვის, 2-მა დეპუტატმა,  გადაწყვეტილებისას  თავი შეიკავა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიხედვით,  წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე უნდა ჰყავდეს.  აღნიშნული პოზიციები ქობულეთის საკრებულოში ასე გადანაწილდა:  პირველი მოადგილე ნათია თხილაიშვილი, მეორე გურამ აბაშიძე, მესამე კი - ჯემალ ბლადაძე იქნებიან.

ვიდრე თანამდებობების გადანაწილება და კენჭისყრა დაიწყებოდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომა დატოვეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები, სხდომის დაწყებამდე კითხვების დასმის შესაძლებლობას ითხოვდნენ, რის უფლებასაც უხუცესი წევრი არ აძლევდა. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების საკითხს.

ვიდრე ოპოზიცია პირველ სხდომას დატოვებდა, მმართველი გუნდი დეპუტატის მკვლელებად მოიხსენია.  მათი განმარტებით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაში ბრალეულობა ქართულ ოცნებას მიუძღვის. ისინი წარმომადგენლობით ორგანოში ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის ფოტოებით წარსდგნენ. სამუშაო მაგიდებთან კი, განალაგეს წარწერები თავისუფლება მიშას.

თავმჯდომარესა და მოადგილეებთან ერთად, ოცნების დეპუტატებმა,  5 მუდმივმოქმედი კომისიასა და ერთ ფრაქციიის დაკომპლექტებას დაუჭირეს მხარი.

მეტის ნახვა