იაგო ხვიჩია პარლამენტს სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს

იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარლამენტს სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ომბუდსმენის ყურადღება მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებებზე იქნება ყურადღება მიპყრობილი. ხვიჩია პარლამენტის წევრებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„შეიძლება მოხდეს ისე, რომ სახალხო დამცველის თემაზე კონსენსუსს ვერ მივაღწიოთ. ვფიქრობ, ამერიკული მიმართულებით უნდა წავიდეთ - სასამართლო უნდა გავხადოთ უკეთესი, სადაც მისი ობიექტურობა დღის წესრიგში არ დადგება და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლიც ნელ-ნელა შემცირდება. მაგრამ მანამდე სანამ ეს მოხდება, სახალხო დამცველი გვჭირდება ერთადერთი საქმისთვის, ეს არის სასამართლოს სისტემის კონტროლი და პატიმრობის თემაზე მუშაობა. იმ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ვართ, არცერთი სხვა თემა სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს. დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება იყოს ის სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში, მივედით იქამდე, რომ ვერავის ვენდობით და არავინ არის ასეთი კანდიდატი. გადავწყვიტეთ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და მაქსიმალური გავაკეთოთ. ამიტომ „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას პარლამენტის წევრებს ყველა პარტიიდან. იქიდან გამომდინარე, რომ მგონია, პოლიტიკოსები უნდა ვარჩევდეთ სახალხო დამცველს, ჩვენ შორის უნდა ირჩეოდეს ის და ნებისმიერი სხვა პროცესი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა ინიცირებული, არასწორია. ასეთი სისტემის ქვეყანა არ ვართ.

რაც შეეხება ჩემს დაპირებასა და გეგმას, ამ უწყებაში მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს. მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. თუ ამირჩევთ, ჩათვალეთ, რომ მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ქალები არიან, ბავშვები, ლგბტ თემის თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ყველა ეს თემა დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილს როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ. ამ ადამიანებისთვის ყველა საჭიროებას, იმ რეალობაში, რომ სასამართლო არ გივარგა, ვერ ამოვავსებთ, მაგრამ როდესაც ადამიანს პატიმრობა ემუქრება, ვეცდებით ის პოზიცია დავაფიქსიროთ, რაც იმ წუთას იქნება სამართლიანი და გაჩვენოთ ამ სასამართლოს ნაკლოვანებები. მართალია, სასამართლოს ვაკრიტიკებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრეთ, რა მტკივნეულად ეხება ის თითოეულ მოქალაქეს. გთხოვთ მხარდაჭერას და გპირდებით მინიმუმ იმას, რომ ამ ყველაფერზე თითოეული თქვენგანი დეტალურ ინფორმაციას მოისმენს. ხოლო მეორეხარისხოვან და უაზრო პრობლემებზე, რომელიც თითიდან გამოწოვილი გეჩვენებათ ყველას, ყურადღება მიქცეული არ იქნება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტის ნახვა