მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 1 წელი გავიდა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 1 წელი გავიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასული წლის, 1 ოქტომბერს დააკავეს. ამის შესახებ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

რა ხდებოდა მანამდე? მოვლენების ქრონოლოგია ასეთი იყო:

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 6 სექტემბერს განაცხადა. ექსპრეზიდენტმა მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ქვეყანაში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდა.

 „პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - დაწერა ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 6 სექტემბერს.

შემდეგი იყო 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადება. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების საღამოსვე დააანონსა. ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ 2 ოქტომბრისთვის კიევი-თბილისის ბილეთი უკვე შეიძინა და ბილეთის ამსახველი ფოტოც გაასაჯაროვა.

არჩევნებამდე 1 დღით ადრე, უფრო ზუსტად კი, 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და სოციალური ქსელით, ყველას „მშვიდობიანი დილა“ გვისურვა. [არა და სააკაშვილს ყველა, 2 ოქტომბერს 23 საათსა და 5 წუთზე ელოდებოდა. ამას თვითმფრინავის ბილეთი მოწმობდა].

მიხეილ სააკაშვილმა პირველი ვიდეო მიმართვა ბათუმიდან გაავრცელა. მესამე პრეზიდენტმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს მოსახლეობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.

მოგვიანებით, ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობდა.

სააკაშვილმა გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო უკრაინის რადას დეპუტატთან ერთად, სადაც ამბობდა, რომ ის და ლიზა იასკო ერთად არიან და ახალ ცხოვრებას იწყებენ.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - გვარწმუნებდნენ გომელაურის უწყებაში. გვარწმუნებდნენ იმაშიც, რომ ყოფილი მთავარსარდალი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა. შემდეგი იყო ვარაუდი, რომ ვიდეო უბრალოდ, დაამონტაჟეს. შალვა პაპუაშვილმა ასე გვითხრა: „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“.

საღამოს საპირისპირო მოვისმინეთ პრემიერისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და გვაცნობა, რომ ექსპრეზიდენტი დააკავეს. გავრცელდა დამადასტურებელი კადრებიც. ბოლოს, ბოდიშიც მოგვიხადეს და თქვეს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, ოპერატიული ტაქტიკის გამო, არაფერს ამბობდნენ. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიიყვანეს.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება. 

„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას."

სააკაშვილის დაპატიმრებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონეც დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. მას დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ. დააკავეს ფოთის პორტში მომუშავე მამა-შვილიც, რომელთაც 

დაპატიმრების შემდეგ, ექსპრეზიდენტი სახალხო დამცველმა მოინახულა. ნინო ლომჯარიამ სააკაშვილზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დაკავების დროს იგი მარტო იყო და ძალა არ ყოფილა გამოყენებული.

 „როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს. როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა. რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

მომხდარს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში გადატრიალებისთვის იყო ჩამოსული, რაც ძალოვნებმა აღკვეთეს.

დაკავებიდან რამდენიმე საათში, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა.👇

საპატიმროში მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას გათავისუფლებამდე აპირებდა.

დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ოჯახის წევრების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ისინი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ.

პარალელურად, გრძელდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები. სხდომებს ვერ ესწრება ბრალდებული ექსპრეზიდენტი.


აქვე დაგაინტერესებთ: ბრალდებული სააკაშვილის გამოუძიებელ დანაშაულთა ნუსხა | ექსპრეზიდენტი არაერთ საქმეზეა ბრალდებული

"ტყვეობის 365 დღე" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან 1 წლის თავზე?

მეტის ნახვა