რუსული ტანკები და ვერტმფრენები კიევისკენ გაემართნენ - შეაჩერებს თუ არა დასავლეთის სანქციები რუსეთს

რუსეთი შეჩერებას არ აპირებს, ევროკავშირი კი, სანქციების გამოწერას. იმ დღიდანვე, როცა რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებდა, დასავლეთის სახელმწიფოები შეთანხმდნენ მკაცრ და დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც, მათი გათვლით, რუსეთს შეაჩერებდა, თუმცა ეს სრული აბსურდი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ უკრაინა ახლა მარტოა. ჯარი და დიდი სამხედრო დახმარება, რაც მეგობარ სახელმწიფოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება არავის გაუგზავნია, მათ შორის, არც საქართველოს. 

ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირი, კვლავ, სანქციებს აწესებს, მაგრამ ამჯერად დასავლეთის ქვეყნები ოკუპანტის საბანკო ბაზრის 70%-ის ბლოკადას შეეცდებიან. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს:

„პირველ რიგში, ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც შეეხება რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს და საკვანძო სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში. მეორე, ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, რომელიც საკვანძო ეკონომიკური სფეროა და რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის. ჩვენი ექსპორტის აკრძალვა ნავთობის სექტორს დააზარალებს. მესამე, ჩვენ ვკრძალავთ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვას. მეოთხე, ჩვენ ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე. ბოლოს: ვიზები. დიპლომატებს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში,“- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„სანქციების პაკეტი აჩვენებს, თუ რამდენად ერთიანია ევროკავშირი“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“. 

როგორც, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, ნამდვილად ერთიანია ევროკავშირი, მაგრამ რეალური დახმარება, მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლა, უკრაინა კი, რუსეთის იმპერიის წინაშე ისევე მარტო დარჩა ,როგორც 2008 წელს ჩვენ. უკრაინა ახლა სრულიად ალყაშია. კრემლს საბჭოთა იდეოლოგია და უწინდელი მონოპოლიის მოპოვება ბრძოლით სურს და ასრულებს კიდეც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ოკუპანტების თავდასხმა კიევზე იმდენად დიდია, რომ მსგავსი, ფაშისტებისგანაც კი არ ახსოვთ.

საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმები კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენმა დედაქალაქმა 1941 წელს განიცადა, როდესაც მას ფაშისტური გერმანია დაესხა თავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერში“ წერს.

გუშინ 18 რუსული ვერტმფრენი კიევისკენ გაემართა. ახლა, პუტინი ტანკებს აგზავნის. უკრაინული მედია წერს, რომ ივანკოვის შემდეგ ვიშგოროდის გავლით დედაქალაქზე თავდასხმის შესაძლებლობა იხსნება. 

რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, მაგრამ უკრაინელი ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მეტის ნახვა