თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება

თამბაქო სიგარეტი

პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. უფრო ზუსტად, „საგადასახადო კოდექსში“ შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც აქციზის განაკვეთი 60-დან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

ამ მიმართულებით ახალი საგადასახადო განაკვეთი 2025 წლიდან ამოქმედდება.

ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები - დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე არიან. მათი შეფასებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.

"იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.

თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

მეტის ნახვა