ხმაური, დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა - უსახლკაროების აქცია ბათუმში

ხმაური, დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა - საპროტესტო აქცია ბათუმში. სოციალურად დაუცველები და იპოთეკით დაზარალებულები აჭარის მთავრობის სახლთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის ქუჩისკენ დაიძრნენ და სავალი ნაწილი გადაკეტეს, რაც ერთი ადამიანის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მისი შვილი შშმ პირია და შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმდეს. 

"არ დაგითმობთ ჩვენს სახლ-კარს", "შეწყვიტეთ გამოსახლებები"- ამ ბანერებით დღეს მთავრობის სახლთან, საპროტექტო აქცია გაიმართა.  ადმინისტრაციის შენობასთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით უსახლკარო მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათთან ერთად იყვნენ ეკომიგრანტები და იპოთეკით დაზარალებულები.

აქციაზე შეკრებილები ყვებოდნენ, რომ წლების განმავლობაში პრობლემების მოგვარების თხოვნით არაერთ სახელმწიფო უწყებას მიმართეს, თუმცა დღემდე მათი საკითხით არავინ დაინტერესდა. პასუხები მათ კითხვებზე მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები იყო.

მოქალაქეებთან შესახვედრად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოვიდა. კახა შაშიკაძემ განაცხადა, რომ თავმჯდომარე სამსახურში არ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან შეხვედრა ვერ შედგებოდა. მისივე თქმით, თითოეული ოჯახის საკითხს სწავლობენ და მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას შეძლებისდაგვარად ცდილობენ. შაშიკაძემ არც ჩვენს დასმულ კითხვას უპასუხა.

პასუხების ვერ მიღების შემდეგ,  აქციის მონაწილეებმა 24 მაისიდან პერმანენტული ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს. მალევე, ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით,მთავრობის თავმჯდომარე  ადმინისტრაციაში უკანა შესასვლელიდან შევიდა, რაც მოგვიანებით კახა შაშიკაძემ არც უარყო და არც დაადასტურა.

აქციის გაბრაზებულმა მონაწილეებმა, მთავრობის სახლთან რამდენიმე წუთით ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ამ ყველაფერს პოლიციასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის დროს ერთი მონაწილე, უსახლკარო შშმ პირი დააკავეს და განყოფილებაში, მოგვიანებით კი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულის დედამ პოლიციის განყოფილებაში შესვლა და შვილისათვის მედიკამენტების გადაცემა სცადა, რისი საშუალებაც მაგული ფუტკარაძეს პოლიციელებმა არ მისცეს.

დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალწარმოება პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო. უსახლკაროები აჭარის მთავრობასთან და მერიასთან აქციებს რამდენიმე წელია მართავენ.

მეტის ნახვა