2022 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა - IDFI-ის კვლევა

2022 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად  გაუარესდა - წერია IDFI-ის მონიტორინგის მორიგ დასკვნაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში, მათ მიერ გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 58%-ია, რაც, 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მესამე სექტორის ინფორმაციით, პრობლემის არსებული მასშტაბი, აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც, ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვაა.

2010 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა,  44%-ით იყო დაკმაყოფილებული. წლების შემდეგ, სტატისტიკა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ეს მაინც ყველაზე ცუდი შედეგია 13 წლის შემდეგ. IDFI-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს, ორგანიზაციას, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7 ათას 582 მოთხოვნიდან,  მხოლოდ 4,385 განცხადებაზე უპასუხეს. მათგან, 10 დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ 2,640 შემთხვევაში.

გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ყველაზე მეტად უჭირდათ პასუხების მიწოდება, სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებულ უწყებებს. ასევე, კვლევის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მიწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპ-ებმა. პრობლემის სიმწვავეზე საუბრობენ აჭარაში მომუშავე მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

2021 წელთან შედარებით, 2022-ში, პასუხების მაჩვენებლები 24%-ით შემცირდა და 58% შეადგინა. გაუარესებულია სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელიც. იგი მხოლოდ  33%-ს ითვლის. 2022 წელს,  19%-ით შემცირდა და 35% შეადგინა, საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელმაც. მონაცემები, ყველა შემთხვევაში, ყველაზე დაბალია, 2010 წლის შემდეგ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, 2022 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესებას, განსაკუთრებულ პრობლემად აფასებს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პირობები, მნიშვნელოვნად უკავშირდება საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას. საპირისპირო რეალობა კი, ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, უარყოფით  გავლენას იქონიებს.

მეტის ნახვა