ისტორიული გამარჯვება - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს | ხალხის ემოციები და მოლოდინები

ისტორიული გამარჯვება - საქართველო პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ზაფხულში, გერმანიაში გაიმართება. ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი ანგარიშით, 4:2 გუშინ დაამარცხა. დიდ საფეხბურთო დაპირისპირებაში გადამწყვეტი პენალტების სერია აღმოჩნდა. საბოლოო შედეგით კი, ქართული ფეხბურთის ღირსებამ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწია. გამარჯვებას გულშემატკივრები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ზეიმი იყო არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. დაუღალავი ბრძოლისთვის, პრემიერმა სპორტსმენები ღირსების ორდენზე წარადგინა. როგორია ემოციები და მოლოდინები ქალაქში? ვნახოთ რეპორტაჟი.

ღირსების ორდენი ღირსეული გამარჯვებისთვის. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისტორიული თამაშის შემდეგ, ეროვნული ნაკრების შემადგელობის, საწვრთნელი შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დაჯილდოვების შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძეს სხვა თემებზე აქცენტი დღეს არ გაუკეთებია.

ფეხბურთი აქტუალური თემაა ქუჩასა თუ ვირტუალურ სამყაროშიც. დღეს ამ გამარჯვების ირგვლივ ყველა ერთიანია. ისტორიული მატჩის შემდგომ ემოციებსაც არავინ მალავს. იხსენებენ გუშინდელი შეხვედრის განსაკუთრებულ მომენტებსაც.

მოლოდინებიც პოზიტიურია. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ახლა მოახლოებულ ევრო2024 ზე ფიქრობენ და სჯერათ, რომ ჩვენი სპორტსმენები ქვეყანას კიდევ ბევრჯერ ასახელებენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში გუშინ, 120 წუთიანი დაძაბული თამაშის შემდეგ, საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანაში ევროპა 2024-ში ითამაშებს. განსაკუთრებული ოვაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობოდა. გულშემატკივრები საყვირებით, სიგნალებით, მანქანების კოლონებით და ეროვნული დროშებით ეროვნული ნაკრების დიდი გამარჯვებას აღნიშნავდნენ. დიდი თუ პატარა, ყველა, სიცივის მიუხედავად წუხელ ქუჩაში იყო გამოსული. იყო ფეიერვერკიც, ცეკვაც, სიმღერაც და სიხარულის ცრემლიც. არაერთხელ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

დღეს უკვე სოციალურ ქსელში სიხარულს ყველა თავისებურად გადმოსცემს, ზოგი ქილიკითაც.

ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების შემდეგ, ჯგუფური ეტაპი 14 ივნისს დაიწყება და ჩვენს  ნაკრებს გამკლავება მოუწევს თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ქართველ სპორტსმენებს წინ დაძაბული და რთული მატჩები ელოდებათ, თუმცა - ზღაპრის ბოლო კეთილია.

მეტის ნახვა