სპირიდონმა დეკანოზს მღვდელმსახურება ტაძრის აშენების გამო შეუჩერა

მეუფე სპირიდონი

სხალთის პრორუსმა და სიძულვილის ენით ცნობილმა მთავარეპისკოპოსმა, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ბრძანებაში, რომელსაც ხელს სპირიდონი აწერს, აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დეკანოზის მხრიდან ტაძრის აშენება გახდა.

„საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატება სხალთის მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე, მღვდელმთავრის იგნორირებით, სხალთის ეპარქიაში რელიგიური საკულტო ნაგებობის აშენებაში, აეკრძალოს მღვდელმოქმედება დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე არც თვითონ აყენებდა საქმის კურსში ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს აღნიშნული საკულტო ნაგებობის მშენებლობის შესახებ, არამედ სხალთის ეპარქიის ორ მღვდელმსახურს, რომლებმაც იცოდნენ აღნიშნული მშენებლობის შესახებ, ეუბნებოდა მეუფეს არ უთხრათ ამ მშენებლობის შესახებო. შესაბამისად, რადგანაც მღვდელმთავარი არ იქნა ჩაყენებული საქმის კურსში მშენებლობის შესახებ, ამან გამოიწვია აღნიშნული ტაძრის უხეში კანონიკური დარღვევით აშენება.

აეკრძალა რა მღვდელმსახურება დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს, მას მოვუწოდებთ სინანულისკენ, რათა მღვდელმთავარს მიეცეს საშუალება, რომ მას აღუდგინოს მღვდელმსახურება“,- წერია, სხალთის ეპარქიის ბრძანებაში. 

სპირიდონის გადაწყვეტილებას მრევლის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ისინი სოციალერ ქსელში მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებენ და გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. 

დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტის ნახვა