რუსეთმა ქართველებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - როგორ აფასებენ ფაქტს პოლიტიკოსები აჭარიდან?

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი” ავრცელებს. შესაბამისი განკარგულება, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. როგორ აფასებენ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები?

ოკუპანტი ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს მიმართა,  მოუსმინოს ხალხის ხმას და არა „ხალხის ძალას“. ზურაბიშვილი პუტინის ამ დირექტივას მორიგ რუსულ პროვოკაციას უწოდებს. ქვეყნის მთავარსარდლისთვის ფრენების აღდგენა და ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა, მიუღებელია მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს და საქართველო ოკუპირებული აქვს.

რუსეთის გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოვებად შეაფასა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანას  მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ტაშს უკრავენ მოსკოვში.

ფაქტს შეფასება მოჰყვა ადგილობრივ დონეზეც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ბოლონდროინდელი ანტიევროპული განცხადებები დაუფასდა. ასმათ დიასამიძის შეფასებით, სავალალოა, რომ ოცნების გუნდს ხალხის განწყობები არ ესმის, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

რუსეთის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება  და ფრენის აკრძალვის მოხსნა პოლიტიკურ ფლირტად შეაფასა პარტია „დროას“ რეგიონულმა ლიდერმა. გენდი დოლიძე ამბობს, რომ ოკუპანტი მეზობელი ჩვენს ქვეყანას საკუთარ გუბერნიად მიიჩნევს, რაც ამ გადაწყვეტილებით, კარგად გამოჩნდა.

პარტიაში  „საქართველოსთვის“ ფიქრობენ, რომ რუსეთმა საქართველოს მთავრობის ე.წ რეფორმები უმაღლესი ქულით შეაფასა და “ოცნების“ გუნდს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დაუფასა. აკაკი გვიანიძის პროგნოზით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს.

ფაქტი არ შეაფასეს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აჭარაში. მმართველმა ძალამ ინტერვიუზე კატეგორიული უარი გვითხრა.  ამ დრომდე, რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. შეგახსენებთ, საქართველოს მხრიდან, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების დადგენილება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, 2012 წელს გამოიცა.

მეტის ნახვა