ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა | მთავარი აქცენტები

სულ მალე საქართველოს ახალი პრემიერი და სამთავრობო გუნდი ეყოლება. ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს ცვლის. შესაბამისი პროცედურები პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პრემიერობის კანდიდატმა პროგრამა უკვე წარადგინა. კობახიძემ დღის განმავლობაში დეპუტატების კრიტიკულ კითხვებსაც უპასუხა. რაზე აქცენტირდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და რა იყო მნიშვნელოვანი მის გამოსვლაში? ნინია მესხიძის რეპორტაჟს მთავარი აქცენტებით 9ის ნახევარზე ნახავთ.

"0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო" - ეს ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის რანგში. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, სწორედ, სიღარიბის სრულად დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა. მისივე განცხადებით, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.

შემდეგ საკითხი, რასაც კობახიძე შეეხო, ჯანდაცვის სისტემა იყო. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება. გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა.

სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებს. დააანონსა პენსიების ყოველწლიური ზრდაც.

ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ გეგმებზეც ისაუბრა. თქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით. მისივე დაპირების თანახმად, აქტიურად განახლდება და დაიწყება ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროცესი.

კობახიძე შეეხო ინტერნეტიზაციისა და წყალმომარაგების პროექტებსაც. მისი განცხადებით, 1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვან ინტერნეტზე მიიღებს წვდომას, 2025 წლის ბოლომდე კი, საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კობახიძემ ყურადღება გაამახვილა დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში მომხდარ სტიქიაზე და თქვა, რომ საფრთხეების შესახებ ადრეული შეტყობინებების სისტემები გაუმჯობესდება.

ირაკლი კობახიძემ დააანონსა რეფორმები კრიმინალურ, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციაშიც, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებას, ასევე, ახალგაზრდობის საკითხებს.

მეტის ნახვა