გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

ნუგზარ ფუტკარაძე

გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრა 2 აპრილს ჩატარდება.

შეგახსენებთ, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

მერობის კანდიდატმა ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს "ქართულ ოცნებაში" გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტის ნახვა