ნატალია ზოიძე VS რამაზ ჯინჭარაძე - ვინ გახდება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

„ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს განიხილავს. TV25.GE-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას ნატალია ზოიძე ადასტურებს, რომელიც ასევე, ერთ-ერთი კანდიდატია. მმართველი პარტია ამ თანამდებობაზე რამაზ ჯინჭარაძესაც განიხილავს, რომელმაც თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.

ნატალია ზოიძის თქმით, მისი კანდიდატურა ამ დრომდე აქტიურად განიხილება, თუმცა დღის წესრიგშია რამაზ ჯინჭარაძეც. ამ ეტაპზე, უცნობია, ვის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. პოლიტიკური კონსულტაციები ისევ გრძელდება.

  • გვაქვს ინფორმაცია, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად განგიხილავთ ქართული ოცნება, ვისთან გქონდათ კონსულტაციები?

კი ბატონო, ჩვენ ეს განხილვები გვქონდა, 3 დეკემბერს, როცა პირველი სხდომა იყო დანიშნული. ახლა კი ეს კონსულტაციები არ დაგვიწყია.

  • დღის წესრიგში არის ისევ თქვენი კანდიდატურა?

დღის წესრიგში ყველა ვარიანტია. უბრალოდ კონსულტაციები ჯერ არც კი დაგვიწყია და შესაბამისად, არც ცვლილებებია გამორიცხული და არც იგივე ვარიანტები.

  • შესაძლოა, ახლა მეორე კანდიდატი იყოს რამაზ ჯინჭარაძე? ანუ, კონკურენციას გაგიწევთ იგი.

რატომ არქმევთ ამას კონკურენციას? კი ბატონო, არც ეგ იქნება ჩემთვის მიუღებელი. 

  • როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება საბოლოოდ კანდიდატი?

გუნდი იმას ნიშნავს, რომ ერთობლივად ხდება გადაწყვეტილების მიღება. 

რამაზ ჯინჭარაძემ TV25.GE-ს რეპორტიორს უთხრა, რომ კონსულტაციები არ ჰქონია და ამ საკითხზე ახლა ვერაფერს იტყვის.

მეტის ნახვა