აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გამოხმაურება ე.წ აგენტების კანონზე

ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაში პრობლემას ვერ ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ არსებობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მალავს და მნიშვნელოვანია, რომ მათი შემოსავლები კანონის საფუძველზე დარეგულირდეს. რეგიონის პირველი პირი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე პროცესებსაც  გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიცია ზეპროფესიონალურად მოქმედებდა. უფრო დეტალურად, რა განცხადებები გააკეთა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ნინია მესხიძე გვეტყვის.

"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ე. წ. რუსული კანონი დღეს პირველად შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძეს დოკუმენტის დამტკიცება პრობლემად არ მიაჩნია, უფრო მეტიც, თვლის, რომ მისი მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის ფინანსური გამჭვირვალობისთვის. 

მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კერძო სექტორში მუშაობის პერიოდი შეახსენეს, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ  ორგანიზაციაში ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალე და დეკლარირებული იყო. „ეს კანონი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“ - განაცხადა თავმჯდომარემ.  

მთავრობის თავმჯდომარეს კითხვები დაუსვეს პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც. თორნიკე რიჟვაძის  განცხადებით,  აქციებზე  სამართალდამცველები ზეპროფესიონალურად მოქმედებდნენ. მისივე განცხადებით, აგრესიასა და ზღვარგადასულ ბულინგზე  პასუხის გაცემის მიმართულებით ევროპასაც შესაძლოა ბევრი რამ ვასწავლოთ. 

თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ქართული ოცნება ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. თავმჯდომარის განცხადებით, კანონს აუცილებლად მიიღებენ. ირაკლი კობახიძის მსგავსად, თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ევროპელი ლიდერების მისამართით გაკეთებულ შეთავაზებაზე, რაც  კანონპროექტის საჯაროდ განხილვას მოიაზრებდა. 

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, მოისმინა  თუ არა მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის შეფასება დოკუმენტთან დაკავშირებით და ხომ არ შეუქმნის იგი საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს? თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ცალკეული ევროპარლამენტარის მოსაზრებების მიუხედავად, " უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ამ მიმართულებით არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

მეტის ნახვა