რეფორმა თუ სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის

 რეფორმა თუ სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის - ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული. სახელმწიფო ისპექტორის შეფასებით, ახალი კანონპროექტით ხდება არა სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ მისი ლიკვიდაცია. უფრო ვრცლად, რა თქვა თოლორაიამ და როგორ აფასებენ პროცესს მესამე სექტორსა და ოპოზიციაში? - ია გოლიაძე გვიერთდება თემის დეტალებით.

„ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის“, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმებას. იგი მმართველ გუნდსა და პარლამენტს აკრიტიკებს. ლონდა თოლორაიას თქმით, კანონპროექტის ინიცირების დრო "რატომღაც" იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თავად დეკრეტში იყო, დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო, საქართველოში არ იმყოფებიან.

სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ მისი, არამედ ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. ლონდა თოლოაიას შეფასებით, ეს პრეცედენტი ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის სიგნალია იმისა, რომ უნდა იყვნენ ჭკვიანად.

პოლიტიკური ანგარიშსწორება - ასე შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება. მესამე სექეტორის შეფასებით, პროცესები მიზანმიმართული თავდასხმაა დამოუკიდებელი ორგანოს მისამართით, რომელმაც შეძლო და რთულ პოლიტიკურ რეალობაში მისი მიუკერძოებლობა დაადასტურა.

საერთო ბრიფინგი გაიმართა დღეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მიმდინარე მოვლენები გზავნილია დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიმართ, რომ ისინი, საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, დაისჯებიან.

„ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ. მათი მტკიცებით, მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ პერსონალური დაცვისა და გამოძიების ფუნქციას ერთი უწყება ითავსებდეს. მმართველი გუნდის განცხადებით, ინსპექტორის აპარატის არასწორად ჩამოყალიბება პარტიის ყოფილი ლიდერის ინტერესი იყო.

შეგახსენებთ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზადაა. მას ბიუროს სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

მეტის ნახვა