150 მილიონ დოლარად, Georgian Airways იყიდება

Georgian Airways

Georgian Airways 150 მილიონ დოლარად იყიდება. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ავრცელებს.

ავიაკომპანიას 16 000-ზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის ვალი აქვს, რომლის ჯამური მოცულობა 176 მილიონ ლარს აღწევს.

11 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯიან ეარვეისი რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. ამის თაობაზე განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 დეკემბერს მიიღო. ორი დღის შემდეგ კი, Georgian Airways-ში რეაბილიტაციის პროცესის დაწყება საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა.

სასამართლოს განჩინების თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან განპირობებულმა მოვლენებმა ავიაკომპანიას ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რის გამოც კომპანიას ვალდებულებების მომსახურება არ შეუძლია.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა.

"რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია, პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განიხილოს ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს", - წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში.

ავიაკომპანიის დირექტორი, დავით გაიაშვილი ჯორჯიან ეარვეისის 80%-იანი წილის მფლობელია, 20%-იანი წილი კი ჯორჯიან ეარ სერვისს ეკუთვნის.

მეტის ნახვა