მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის საქმის განხილვა  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.  სხდომას თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.რა განცხადებები გააკეთა სააკაშვილმა პროცესზე.  

„თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი“ - ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილს. მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი პროცესი საქალაქო სასამართლოში სიტყვიერი კამათის ფონზე დაიწყო. მსჯავრდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვას დღეს პირველად დაესწრო. ჩახნაშვილმა ექსპრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და სააკაშვილს მიმართა, რომ პატივი ეცა სასამართლოსთვის, საუბრის დროს მოსამართლისთვის მიემართა და არა დარბაზში მყოფი პირებისთვის. რეპლიკამ სააკაშვილი გააღიზიანა.

ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მისი დაბრუნების გადაწყვეტილებასა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც მის ჩამოსვლას მოჰყვა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით, რეჟიმის ლეგიტიმურობას ბოლო მოუღო და ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნები მოაგებინა. ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოუხადა იმ 4 პირს, ვინც მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დღეს ბრალდებულია.

ექსპრეზიდენტმა ყურადღება მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზეც გაამახვილა. თქვა, რომ ივანიშვილს და პუტინს მისი სიკვდილი გადაწყვეტილი ჰქონდათ. სააკაშვილის განმარტებით, გლდანის ციხიდან დროულად რომ არ გადაეყვანათ, შედეგი აუცილებლად ფატალური იქნებოდა.

გაძვირებული ტარიფები, საწვავის ფასის ზრდა, ინფლაცია, პენსიის გაზრდა - მესამე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საკმაოდ დიდი დრო ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარს დაუთმო. შეეხო ყველა იმ თემას და პრობლემას, რაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას. მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის დამქცევებად მოიხსენია.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორებმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დაკითხეს. ელგუჯა ცომაიამ დეტალურად გაიხსენა ვინ სთხოვა დახმარება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის, როგორ შეხვდა მას და რა მიმართულებით გადაადგილდნენ მისივე კუთვნილი ავტომობილით. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა დამატებითი მტკიცებულება წარადგინეს, თუ როგორ დაგეგმა ექსპრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს გაიმართება.

მეტის ნახვა