დამნაშავედ ცნეს 2 პირი, რომლებმაც პროკურატურის თანამშრომლის სახელით მოქალაქეებს ფული გამოსძალეს

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.

„მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა