დააკავეს პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი, რომელმაც მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

დაკავება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მეტის ნახვა