აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტები დღეს დაგეგმილ აქციაზე არ იქნებიან წარმოდგენილნი

ბათუმში, დღეს დაგეგმილ აქციაზე, აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტები არ იქნებიან წარმოდგენილნი. რექტორები ამბობენ, რომ სტუდენტების აქციაზე მისვლას ორგანიზებას ადმინისტრაცია ვერ გაუწევს. უფრო მეტიც, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა გვითხრა, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და ევროპული მარშისთვის არ სცალია.

მაია ჭიჭილეიშვილი სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდებასაც არ თვლის საჭიროდ.

"გეგმაში ჩვენ არაფერი არ გვაქვს, შეხვედრა არ მქონია სტუდენტებთან, გუშინ კვირა და არც მეცალა, არ ვიყავი აქეთ ქალაქში, ჩვენ სხვა საკითხები გვქონდა გადასაწყვეტი და ამაზე კომუნიკაცია არ მქონია", - უთხრა მაია ჭიჭილეიშვილმა TV25.GE-ს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი გვითხრეს, რომ აქციაზე ყველა ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე წავა. მერაბ ხალვაშისთვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია, თუმცა, ისიც კოლეგების მსგავსად პროცესის ორგანიზებასა და უნივერსიტეტის სახელით აქციაზე მისვლას საჭიროდ არ თვლის.

"ვისაც სურვილი აქვს წავა, ალბათ, ყველა. ჩვენ ვერავის ვერ შევზღუდავთ, რა უფლება გვაქვს, ან რატო უნდა შევზღუდოთ. მე მაქვს ჩემი სურვილი წავალ, ვისაც სურვილი აქვს წავა. შემიძლია გითხრათ ჩემი დამოკიდებულება, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და თქმის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს ამას, ეს არ ვიცი", - განაცხადა მერაბ ხალვაშმა TV25.GE-სთან საუბრისას.

ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. დიდი ალბათობით, დღევანდელ აქციაზე უნივერსიტეტი წარმოდგენილი არ იქნება, რადგან სასწავლო დაწესებულებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ბათუმისგან განსხვავებით დედაქალაქში დღეს დაგეგმილ აქციას ათამდე უნივერსიტეტი უერთდება.

მეტის ნახვა