ცხოვრება 330 ლარად | როგორია უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ქალის ყოველდღიურობა

გიზიარებთ ამბავს სიდუხჭირეში მყოფ ხანდაზმულზე, რომელიც ბათუმში, მძიმე პირობებშია. 78 წლის მარიამ ბედინაძეს მეუღლე დიდი ხნის წინ დაეღუპა. მას არც შვილები არ ჰყავს. უკვე 24 წელია მარტოხელა ქალი ქირით ცხოვრობს. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობას ვეღარ ახერხებს. მძიმე პირობებში მყოფს პენსია და 50 ლარიანი დახმარება აქვს. მას ახლა თქვენი იმედი აქვს.

ეს ნაგებობა ერთი შეხედვით სასაწყობე ობიექტს გავს, თუმც აქ უკვე 24 წელია 78 წლის მარიამ ბედინაძე ცხოვრობს. მარტოხელა ქალი, ნაქირავებ კედლებს, რომელიც სულ რაღაც 15 კვადრატია, საძინებლის, მისაღებისა თუ სამზარეულოს ფუნქციას უთავსებს. ამასთან თავშესაფარში, სადაც 2 ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს, გაუსაძლისი პირობებია. უამინდობისას ოთახშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. იატაკი ალაგ-ალაგაა შემორჩენილი. ცხელ წყალსა და სხვა კომფორტზე კი საუბარი ზედმეტია.

ავეჯი და ტექნიკა, რომელსაც კადრში ხედავთ, ფართის მეპატრონისაა. ყვება, რომ მაცივარი პროდუქტის არ არსებობის გამო, ხშირად უფუნქციოა. გამათბობელს კი კომუნალური ხარჯების ეკონომიის გამო დღეში მხოლოდ ერთი საათით იყენებს.

მარტოხელა ქალი უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარია. ყვება, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი შრომაში გაატარა და თავისი საჭიროებების დაკმაყოფილებას მეტ-ნაკლებად ახერხებდა. ამბობს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მზადაა ამ ეტაპზეც დასაქმდეს, თუმცა ასაკის გამო მისი აყვანა არავის უნდა. ქირით მცხოვრები ხანდაზმული 50 ლარიან სოციალურ დახმარებას იღებს. გარდა ამისა აქვს ასაკობრივი პენსია, თუმცა საბანკო ვალდებულებების ფონზე,  შემოსავალი,  საარსებო მინიმუმსაც არ წვდება.

ხანდაზმულს მარტოობას კატა უმსუბუქებს, რომელსაც 16 წელია უვლის. ამბობს, რომ მასზე მზრუნველობა ყოველდღიური სიმძიმის დაძლევაში ეხმარება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც შინაური ცხოველის გამოკვებას ახერხებს. თხოვნა ერთადერთი აქვს, სახელმწიფო და საზოგადოება მის დასახმარებლად გაერთიანდეს.

რა დახმარებას გაუწევს ბათუმის მერია მარტოხელა მოხუცს? თვითმმართველობაში მხოლოდ წერილობით განმარტეს, რომ მარიამ ბედინაძემ მათ ჯერ წერილობით უნდა მიმართოს, განხილვის შემდგომ კი შესაბამისი პროცედურები დაიგეგმება.

მეტის ნახვა