ტელეკომპანია "რიონი" დახურვის პირასაა - მაუწყებლის დირექტორი საზოგადოებას მიმართავს

ტელეკომპანია "რიონი" დახურვის პირასაა. ამის შესახებ TV25.GE-ის მაუწყებლის დირექტორმა განუცხადა. თამარ ღვინიანიძის თქმით, ტელევიზიის შემოსავლებმა რეკორდულად დაიკლო, რამაც ფინანსური კრიზისი გამოიწვია. არსებული ბიუჯეტი კი, რაც ამ ეტაპზე მედიას გააჩნია, თანამშრომლების სახელფასო დავალიანებების გადასახდელადაც არ ჰყოფნით.

"რიონის" გუნდს მხოლოდ საზოგადოებას დახმარების იმედიღა დარჩა. სწორედ ამ მიზნით, მედია ანგარიშის ნომერს ავრცელებს და მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებს. ტელეკომპანიისთვის ახლა ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია.

"ვფიქრობ, მხოლოდ "რიონი" არ არის ასეთ მდგომარეობაში საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონულ ტელევიზიაში იგივე სურათია. არ გვაქვს რეკლამა, შესაბამისად, არ არის თანხები. ის მცირე შემოსავალი, რომელიც ამ წუთებში გაგვაჩნია, არ ჰყოფნის ხელფასებსაც და გვაქვს სერიოზული დავალიანება ამ მხრივ. არიან თანამშრომლები, რომელთაც ნოემბრის და შემდგომი პერიოდის ხელფასიც კი არ მიუღიათ. გვაქვს ტელეცენტრის დავალიანება, საიჯარო ვალდებულებები, მიმდინარე ხარჯებს შეძლებისდაგვარად ვიხდით და ამის შემდეგ სახელფასო თანხა არ რჩება.

ამიტომ, გადავწყვიტეთ მიგვემართა საზოგადოებისთვის, რომელსაც 35 წელია ემსახურება ეს ტელევიზია და ქმნიდა ისტორიას ქალაქისა და რეგიონისა. თუ კი დაგვიდგებიან გვერდით და დაგვეხმარებიან გადარჩენაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი იმისკენ, რომ რეგიონული მედია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს", - უთხრა TV25.GE-ის ღვინიანიძემ.

ანგარიშის ნომერი: GE71TB0362836080100003

ს/კ 212678093.

შეგახსენებთ, გასული წლის მარტში, ხელისუფლებამ ლუდომანიის სატელევიზიო რეკლამირება აკრძალა, რამაც ყველა რეგიონულ მედიას დიდი დარტყმა მიაყენა. ფინანსური კრიზისია TV25-შიც, რომელიც მაუწყებლობისთვის მწირი რესურსით იბრძვის.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ანალიზით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შემოსავლების კლება მაუწყებლებში წელს რეკორდულია. ალიანსის შეფასებით, გაცილებით უფრო დრამატულია შემოსავლების ვარდნა რეგიონულ მაუწყებლებში, რაც დიდწილად, 2014 წლის შემდეგ, მაუწყებლობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მუდმივი ცვლილებებით და სარეკლამო ინვენტარის ხელოვნური შემცირებითაა განმარტებული.

2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 12.5%-ით შემცირდა. მაჩვენებელმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი 1.2%-ით, ხოლო, პროდუქტის განთავსების წილი 5.5%-ით გაიზარდა.

მეტის ნახვა