ილია II-მ რუსეთის პატრიარქს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს მიესალმება, დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს, რომელიც უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტასა და უკრაინაში მიმდინარე ომს მიესალმება, დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ილია მეორემ კირილს რუსეთ-უკრაინას შორის სამართლიანობის მალე აღდგება უსურვა.

"მის უწმინდესობას კირილს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ!

ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!

ამ რთულ დროში, გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო!

ქრისტესმიერი სიყვარულით", - წერია ილია მეორის მილოცვაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პატრიარქმა 26 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას" დაღუპული ადამიანები თავს მსხვერპლად სწირავენ და ამით "ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან". კირილი რუსეთის უკრაინაში შეჭრას "ძმათა ომს" უწოდებს.

ცნობისთვის, 8 ივლისს, კანადამ რუს პროპაგანდისტებს, მათ შორის პატრიარქ კირილს, სანქციები დაუწესა. პატრიარქი კირილის წინააღმდეგ სანქციები ივნისში დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.

მეტის ნახვა