ექსკლუზივი: ავარია მსხვერპლით, რომელშიც შუახევის მერის თანაშემწე ფიგურირებს

გამოშვებას ვიწყებთ ექსკლუზიური ამბით, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სკანდალურ ავარიას უკავშირდება. ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც 12 თებერვალს, შუახევის ცენტრში მოხდა, მერის თანაშემწე ფიგურირებს. თენგო დავითაძე მომხდარში მთავარი ბრალეული პირია, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, იგი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ინციდენტს მსხვერპლი ჰყავს, თუმცა თვე-ნახევრის წინ, ყველას თვალწინ მომხდარი უბედური შემთხვევისთვის, პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ. წყარო გვიყვება, რომ დავითაძე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს და ამისთვის გარდაცვლილის ოჯახს თანხა გადაუხადა. სოფელში მომხდარზე პირდაპირ საუბარს ერიდებიან, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მხარეები მეზობლები არიან, დაღუპულის ოჯახი კი არ დაობს. თამარ კიკნაძე და გერა კილაძე მუშაობდნენ თემაზე.

შუახევში, 12 თებერვლის ტრაგიკული ავარიის კვალი, შემთხვევის ადგილს ისევ ატყვია. ინციდენტის შესახებ ცენტრში ყველამ იცის, თუმცა საუბარს, მომხდარიდან თვე-ნახევრის შემდეგაც დუმილს ამჯობინებენ.

საუბარი უჭირთ, რადგან იციან, რომ პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ და არც გამოძიების ობიექტურობის იმედი აქვთ. საქმეში, შუახევის მერის თანაშემწე ფიგურირებს.

TV 25-ს წყარო უყვება, რომ მძღოლი, რომელიც მომხდარში მთავარი ბრალეული პირია, ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ამას სოფელში პირად საუბრებშიც გვიდასტურებენ. იგი, თენგო დავითაძეა, შუახევის მერის თანაშემწე. თვითმხილველების თქმით, დავითაძე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, რომლის ერთი მგზავრი საავადმყოფოში, 17 თებერვალს გარდაიცვალა, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა და მისი მდგომარეობა ჯერაც კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტი დაგვიდასტურა, გვითხრეს, რომ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. საგამოძიებო უწყების თქმით, მიმდინარეობს ექსპერტიზა. ამ მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, თუ ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობას, გათვალისწინებულია 4-დან 7 წლამდე სასჯელი და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით, თუ იგივე დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ამ შემთხვევაში, კანონი გულისხმობს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას და საქმიანობის ჩამორთმევას, ასევე სამ წლამდე ვადით. საქმე აღძრულია, თუმცა დამნაშავეს მოდავე არ ჰყავს. შუახეველები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ოჯახმა „ცხედარი გაყიდა“.

გარდაცვლილი ქალის მეუღლეს სოფლის სახლი თვეზე მეტია დაკეტილი აქვს.  დავით დავითაძეს მობილურით დავუკავშირდით. იგი თენგო დავითაძის ბრალეულობას ფაქტობრივად ადასტურებს და გვიხსნის, რატომ არ ედავება მას. ამბობს, რომ ნათესაობის ხათრით. დავითი ადასტურებს, რომ თენგოსგან თანხა მიიღო, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ დასაფლავების ხარჯი.

ავარიას, კიდევ ორი მძიმედ დაშავებული პირი ჰყავს. ახალგაზრდა მეზობელი ქალი, რომელიც თენგო დავითაძის მგზავრი იყო და მძღოლი, ვისაც იგი დაეჯახა. ჯუმბერ აბაშიძეს ტვინის მძიმე დაზიანება აქვს და ცნობიერება არეული. ძმა, რომან აბაშიძე ამბობს, რომ თავადაც ექსპერტიზის პასუხს ელოდება, თუმცა მასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც სხვებს. თენგო დავითაძე, საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

თენგო დავითაძეს მობილური გამორთული აქვს. სახლში არც თავად დაგვხვდა და არც ოჯახის წევრები. მივაკითხეთ სამსახურშიც, თუმცა შუახევის მერიის დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ დილით იყო, შემდეგ კი უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილზე არც მერი დაგვხვდა. ომარ ტაკიძემ ზარებზე არ გვიპასუხა.

მივაკითხეთ, თემურ დავითაძის დას, თამრიკო დავითაძეს. იგი, 4 მარტიდან, შუახევის სპორტული ცენტრის პიარ-მენეჯერობიდან, აპარატის უფროსად დააწინაურეს. მან დამალვა სცადა, თუმცა ეს რომ არ გამოუვიდა, გაიქცა, არც კამერის წინ გვესაუბრა და არც პირისპირ.

ავარიის შემდეგ, თენგო დავითაძე, სამსახურში, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ფეხით დადის. მისი ავტომობილი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა, თუმცა საგამოძიებო უწყება არ გვიდასტურებს დაუდგინდა თუ არა, 12 თებერვალს, ავარიის შემდეგ,  ალკოჰოლური თრობა. ფაქტი ერთია, მომხდარია  სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, შემთხვევიდან თვენახევრის შემდეგ ექსპერტიზის პასუხი მხარეებისთვის ჯერაც უცნობია.

მეტის ნახვა