როგორ უწევს მობილიზებას თბილისში დაგეგმილ კონტრაქციას მმართველი გუნდი აჭარაში

„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი კონტრაქცია და მობილიზება რეგიონებიდან. მმართველმა გუნდმა მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა შეკრების მიზნით მოწოდებები უკვე გასცა. საქმეში მერის რწმუნებულები ფიგურირებენ. „მაცნე“ დღეს რამდენიმე მათგანს ესაუბრა და გამოააშკარავა, თუ როგორ აგროვებენ ხალხს აჭარიდან დედაქალაქში დაანონსებულ აქციაზე წასაყვანად. 

29 აპრილს დილის 5 საათზე, სოფელი ბრილის ცენტრიდან 16 საჯარო მოხელე , თბილისში, „ქართული ოცნების“  მიერ დაანონსებული, კონტრ აქციისკენ გაემართება. ორშაბათს, სამუშაო დღეს, სამსახურების  ნაცვლად, ისინი რუსთაველის გამზირზე იქნებიან. გაურკვეველია, ვინ შეასრულებს  მათ მოვალეობას სხვადასხვა უწყებაში.

კონტრ აქციას უერთდება  შუახევის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც. მხოლოდ ზამლეთის ადმინისტრაციიდან, ე.წ რუსული კანონის დასაცავად ბიჭიკო ხიმშიაშვილმა, რომელიც  მერის წარმომადგენელია,  50 ადამიანი შეკრიბა. დაზუსტებული სიები, უახლოეს პერიოდში ექნებათ  სხვა თანამოაზრეებსაც.

„ქართული ოცნება“ აგენტების კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტის საპასუხო აქციაზე, ხალხის ჩაყვანას ქედიდანაც გეგმავს. რესურსის მობილიზებას აქაც სოფლის რწმუნებულები ახდენენ. რამდენიმე  ადმინისტრაციულ ერთეულში კი, სავარაუდოდ, ორგანიზება საკუთარ თავზე, თავად მერიამ აიღო.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 100 ათასი ადამიანის ერთდროულად თავმოყრას, ხელისუფლება, წარსულში ნაცადი ხერხით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს. ე.წ რუსული კანონის გასამართლებლად სამზადისი უკვე დაწყებულია. იციან, თუ არა მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის მერებმა, ამის შესახებ და რა როლი აქვთ მათ ხალხის მობილიზებაში? ქედის მერი, სამუშაო დღეს ადმინისტრაციული რესურსის აქციაზე ყოფნაში პრობლემას ვერ ხედავს ამბობს, რომ თავადაც იქ იქნება. ინტერვიუს დასრულების შემდეგ კი როლანდ ბერიძე, თანამდებობის პირებთან ერთად, იმ შეხვედრაზე შევიდა, სადაც მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა, მინისტრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სავარაუდოდ, მობილიზაციის საკითხები განიხილეს. ცნობისთვის, მსგავსი ფორმატის  შეკრება იშვიათია.

ადმინისტრაციული რესურსის კონტრაქციაზე დგომაში პრობლემას ვერც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ხედავს. ჯაბა ფუტკარაძემ ჩვენი კამერის წინ ღიად თქვა, რომ 29 აპრილს დედაქალაქში წასვლას მისივე უწყების თანამშრომლებთან ერთად გეგმავს, რათა  წინაპრების დანატოვარი დაიცვას.

ფაქტს იურისტების კრიტიკა უკვე  მოჰყვა. საიაში ამბობენ, რომ სამუშაო საათებში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან საჯარო მოხელეებისთვის მოწოდება, ჩაებან პოლიტიკურ საქმიანობაში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პრინციპებს არღვევს. თამარ წულუკიძის თქმით,  ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობის პრინციპებსაც არღვევს.

ფაქტი არ აკვირვებს თვითმმართველობების მკვლევარს. მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას დამოუკიდებელი თვითმმართველობები არ გააჩნია.

კონტრაქცია ქართულმა ოცნებამ 2 დღის წინ დააანონსა.

მეტის ნახვა