ბოროტმოქმედი, რომელიც "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა, დააკავეს

ბოროტმოქმედი, რომელიც "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა და 12 ადამიანს თავისუფლება აღუკვეთა, დაკავებულია. თავისუფალია ყველა მძევალი. სპეცოპერაცია ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამხედრო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული პირი, მძევლებთან ერთად, ბანკის ფილიალში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა. შენობაში 12 ადამიანი იყო დატყვევებული - ნაწილი მომხმარებელი, ნაწილი კი ბანკის თანამშრომელი.

ფეისბუქ ლაივებში, რომლებსაც მძევლები ავრცელებდნენ, ჩანდნენ შეუძლოდ მყოფი ადამიანები. ერთ-ერთი მძევალი შებოჭილი იყო. თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვდა. მას სხეულზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული, ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ეკეთა შავი ნიღაბი.

ვითარება რუსთაველის ქუჩაზე დილით, 11 საათზე დაიძაბა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე მომხდარიდან, 6 საათის შემდეგ ჩავიდა.

გამოძიება ბანკზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

მეტის ნახვა