ნიკა გვარამია დააკავეს - შეფასებები

ნიკა გვარამია დააკავეს. სასამართლომ მთავარი არხის დირექტორს 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავებოდა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები სასამართლო პროცესზე და როგორ აფასებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას კოლეგები, პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები?

ამ განწყობით შევიდა საკუთარ პროცესზე ნიკა გვარამია- თუმცა სასამართლოს შენობა ბორკილებით დატოვა. მთავარი არხის დამფუძნებელი  მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და  სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა. გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ნიკა გვარამიას ოჯახისთვის.  განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს ადვოკატიც.

დღეიდან ახალი და რთული გზა იწყება „მთავარი არხისთვის“. მიუხედავად იმისა რომ მაუწყებელს ფინანსური პრობლემები აქვს, კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი კი ციხეშია- ჟურნალისტები ბრძოლას აგრძელებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ მედიამენეჯერები და  ჟურნალისტები, რომლებიც დღეს კოლეგის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, მთავარი არხის დირექტორის დაკავებას სამართალთან კავშირი არ აქვს და ეს, მხოლოდ, პოლიტიკური დევნაა.

ოპოზიციაშიც მიაჩნიათ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწვეტილება პოლიტიკურია და სასამართლომ პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

საქმის პოლიტიკურ მოტივზე უკვე დიდი ხანია საუბრობს მესამე სექტორი.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ მედიის ცენზურისა და დაშინებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება,  სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც სახიფათო გზავნილია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს გვარამიასთან ერთად ბრალდებული რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი. კახა დამენია  ფიქრობს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაკავება იყო.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მთავარი არხის  დამფუძნებელი ახლა უკვე  მსჯავრდებულია.  იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეტის ნახვა