შეუსრულებელი დაპირება და ამორტიზებული გზა სოფელ ხუცუბანში

ამორტიზებული გზა და შეუსრულებელი დაპირება. ქობულეთში სოფელ ხუცუბანში, ცენტრალური მაგისტრალი, იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება ჭირს. მოქალაქეებს წვიმაში - ტალახში, ხოლო მზიან ამინდში - მტვერში უწევთ ტრანსპორტირება. ამორტიზებულ  მონაკვეთზე მოძრაობით  ფუჭდება ავტომობილები, რის გამოც პრეტენზიები აქვთ მძღოლებს. მოპასუხე მხარე კომპანია "მაინინ გრუპია", რომელსაც თვეების განმავლობაში მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალა გაჰქონდა და სოფლების მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა. ნოემბრის ბოლოს კომპანიის წარმომადგენელი პირობას დებდა, რომ ერთი თვის განმავლობაში გზა მოწესრიგდებოდა, თუმცა ამორტიზებული გზა და უცვლელი რეალობა უკვე მეხუთე თვეაა.

სოფელ ხუცუბანში მცხოვრები მოქალაქე ასეთი გაბრაზებული, ამორტიზებული გზის გამოა. ყვება, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მონაკვეთზე გადაადგილება უჭირთ. ამბობს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა  ტრანსპორტსაც აფუჭებს. გარდა ამისა, უამინდობისას ტერიტორია ტალახდება, მზიან დღეებში კი მტვერი დგას.

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში გზა მას შემდეგ დაზიანდა, რაც კომპანია „მაინინ გრუპმა“ მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღება დაიწყო. აქ ყოველდღიურად ათობით მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა, რის გამოც სავალ ნაწილზე ასეთი სურათი შეიქმნა/ ნოემბრის ბოლოს, ანუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, განმახორციელებელი პირობას დებდა, რომ პრობლემას ერთ თვეში, დეკემბრის ბოლომდე მოაგვარებდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. მძღოლები ამბობენ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია.

აღნიშნული გზა ქობულეთის ცენტრთან 5 სოფელს აკავშირებს. შესაბამისად, პრობლემა ასობით ადამიანს აწუხებს, მათ შორის მოსწავლეებს.

თემაზე მუშაობის პროცესში ასევე ჩავწერეთ მოქალაქე, რომელმაც გვითხრა, რომ სოფელში გზის კეთილმოწყობისთვის ტექნიკა აქტიურად მუშაობს და პრობლემაც მალე გადაიჭრება. გიორგი ცეცხლაძის თქმით, გაჭიანურებული პროცესი არანაირ დისკომფორტს არ ქმნის.

ნაციონალური მოძრაობაში პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. ლაშა კომახიძის განცხადებით, თვითმმართველობამ კომპანია მაინინ გრუპს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უმოკლეს ვადებში უნდა მოსთხოვოს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ, აღნიშნული გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება თავად კომპანიის ვალდებულებაა.

გზის რეაბილიტაცია, ვადაში უამინდობის გამო გაიწელა. ივერი გუგუნავა ირწმუნება, რომ სამუშაობი 20 დღის ვადაში დასრულდება.

შესრულდება თუ არა დაპირება, რომელიც კომპანიის წარმომადგენელმა ამჯერად გასცა, ზუსტად 20 დღეში გახდება ცნობილი. „მაცნე“ თემას გადამოწმების მიზნით 20 აპრილს დაუბრუნდება.

მეტის ნახვა