სარფი, გონიო და კვარიათი მოსაცდელების გარეშე

ქალაქი მოსაცდელების გარეშე. გონიოში, კვარიათსა და სარფში მცხოვრებლები მუნიციპალურ ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან. ფაქტი მზიან ამინდშიც ისეთივე პრობლემურია, როგორც წვიმასა და  ქარში, რადგან მოქალაქეებს ავტობუსის გაჩერებებზე დგომა კარგა ხანს უწევთ. დასახლებაში ნახავთ დაზიანებულ კონსტრუქციებსაც, სადაც წვიმა აღწევს და მოსახლეობა თავს ვერ აფარებს. ანუ გამოდის, რომ მოსაცდელი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. რას გეგმავს პასუხისმგებელი უწყება ამ მიმართულებით და გაიგონებს თუ არა ხელისუფლება ხალხის ხმას? თეო ფუტკარაძე გიამბობთ არკვევდა.

გონიო, სარფი, კვარიათი - ეს ის დასახლებებია, სადაც ავტობუსის გაჩერებები შესაძლოა ითქვას, რომ პრაქტიკულად არ არის. მონაკვეთი ჯამში  16 გაჩერებას მოიცავს,  თუმცა ამას მხოლოდ საინფორმაციო დაფების მეშვეობით თუ შეამჩნევთ. იმის გამო, რომ  ყველა აბრასთან მოსაცდელი მოწყობილი არ არის,  ქარში, წვიმასა თუ მცხუნვარე მზეში,  მოქალაქეები, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან. სურათი თითქმის ყველას დისკომფორტის უქმნის, თუმცა ამბობენ, რომ მათი პრობლემები გულთან არავის მიაქვს.

16 გაჩერებიდან მოსაცდელი დაახლოებით 5 ლოკაციაზეა, თუმცა უმრავლესობა ამორტიზებული და უფუნქციოა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ასეთი კონსტრუქციების არსებობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წვიმიან ამინდში წყალი ჩადის. ადგილობრივები სკამების არასაკმარის რაოდენობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ელექტრონული ტაბლოებზე კი საუბარი ზედმეტია.

გონიო კვარიათის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ტრანსპორტის არარსებობაც აწუხებთ. იმის გამო, რომ აქ მხოლოდ 16 ნომერი ავტობუსი მოძრაობს, ბათუმამდე ჩასაღწევად სარფიდან მომავალ მიკროავტობუსებზე ლოდინი უწევთ, რომელიც გადაჭედილია.

პრობლემას კარგად იცნობენ ბათუმის ავტოტრანსპორტში. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე წელს ავტობუსების შეძენა და სამარშრუტო ხაზების დამატებაც იგეგმება. ლევან ლაზარიაშვილი გვარწმუნებს, რომ აღნიშნული მიმართულება გათვალისწინებული იქნება.

რაც შეეხება მოსაცდელების მოწყობას, აღნიშნული, მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაა. აქ სიტყვიერად განმარტეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა უკვე დაგეგმილია. რაც შეეხება ახლის მოწყობას, პრესსამსახურის ცნობით, თვითმმართველობა ამ საკითხსაც გაითვალისწინებს.

მეტის ნახვა