ინფრასტრუქტურული პრობლემები და უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა სოფელ წინსვლაში

ინფრასტრუქტურული პრობლემები და უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა - გიყვებით ხელვაჩაურში, სოფელ წინსვლაში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც არც რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი, არც გარე განათება და არც საკანალიზაციო სისტემაა გამართული. ღია არხების გამო, ადგილობრივებს ცხოვრება გაუსაძლისი სუნის ფონზე უწევთ.

სოფელ წინსვლაში პატარები ბურთს ისე თამაშობენ, როგორც 90-იანებში. მათი სასეირნო ადგილი კი სახლებს შორის ბილიკებია. იმის გამო, რომ დასახლებაში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი არ არსებობს, მოზარდებს გართობა ამ პირობებში უწევთ. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში, ოჯახების უმრავლესობა დაახლოებით 10 წლის წინ დასახლდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სახლებთან მისასვლელი გზა საკუთარი ძალებით დაასხეს, თუმცა სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები წლების განმავლობაში გადაუჭრელია. ამბობენ, რომ სოფელში გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა. ღია არხების გამო, ტერიტორია დაჭაობებულია და ხშირად გაუსაძლისი სუნიც აწუხებთ.

ყველაფერს გარე განათების არ არსებობაც ემატება. ამბობენ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, ვინაიდან უბანში სიბნელეა.

სოფელ წინსვლაში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც ტენდერი უკვე ჩატარებულია. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურას, ახლა თანხების  გადანაწილება ხდება, რის შემდეგადაც სამუშაოები დაიწყება.

მერიაში ასევე ამბობენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ბეტონის მიწოდება სხვადასხვა მიმართულებით.

მეტის ნახვა