3 დღე დანაშაულებრივი ჯგუფის ტყვეობაში - ბოლო ცნობები მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველების შესახებ

გატაცებული ქართველები

მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ისინი 16 მარტს გაიტაცეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კი განახლებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ერთ-ერთი გატაცებულის ახლობლის ცნობით, 30-ვე ქართველი თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, გამოსასყიდი თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა, თუმცა, ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და არ აკონკრეტებს ვინ აგროვებს ფულს.

"თავს გრძნობენ კარგად. საჭმელს აჭმევენ, სასმელს აძლევენ, არ სცივათ, არ სწყურიათ. როგორც ვიცით, რაღაც ნაწილი თანხა შეიკრიბა, თანხის რაღაც ნაწილს ელოდებიან. მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს კარგად და დაცულად. ადამიანის სიცოცხლეზეა ხომ აქ საუბარი. მათგან იყო ეს მოთხოვნა და თხოვნა იყო ამასთან ერთად, რომ გავჩერებულიყავით და აღარავისთვის აღარ მიგვემართა", - ამბობს გატაცებულის ახლობელი.

შეგახსენებთ, ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი. დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს.

მეტის ნახვა