პიცერიიდან აღებულ ქათმის ფილეს ნიმუშში სალმონელოზი გამოვლინდა - სეს-მა მიმწოდებელი დააჯარიმა

ქათმის ფილე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა. როგორც უწყება წერს, პიცერია "TASHIR PIZZA GEORGIA"-ში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.

ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

დადგინდა, რომ პიცერიას ქათმის გაყინული ფილე შპს "სიფუდ გრუპ თელავმა" მიაწოდა.

"სააგენტომ შპს "TASHIR PIZZA GEORGIA"-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს "სიფუდ გრუპ თელავს" აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი", - წერია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობითვე, შპს "სიფუდ გრუპ თელავიდან" აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად", - აცხადებს უწყება.

ცნობისთვის, სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

მეტის ნახვა