გადინება სკოლებიდან | 5 604 მოსწავლემ დაწესებულება საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით დატოვა

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მოსწავლის სტატუსი 10 ათას 430 მოსწავლეს შეუჩერდა. მათგან, ნახევარზე მეტმა, 5 ათას 604 მოსწავლემ, სკოლა ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით დატოვა. განათლების სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას ისაუბრა სახალხო დამცველმაც. მშობლები არჩევანის არ არსებობაზე, განათლების ექსპერტები კი ხელისუფლების მიმართ უნდობლობაზე საუბრობენ.

ხათუნა გოლიაძე სამი წელია ემიგრანტია. უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად, იტალიაში წავიდა. ამბობს, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, სხვაგვარად ვეღარ გაუმკლავდა. თუმცა დედისთვის, ყველაფერი ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.

ვაჟი, სამი წელია არ უნახავს, იგი სკოლას წელს ამთავრებს. მეოთხე კლასელი ქალიშვილი კი დღეს თან ჰყავს. ამბობს, რომ გაუმართლა. ნება დართეს შვილი ჩაეყვანა და ერთ ოჯახში ეცხოვრათ. 10წლის მერი მოწყობილი ერთი წელია იტალიაში სწავლობს, თუმცა გარდამავალი პერიოდი მოზარდისთვის ურთულესი იყო, მშობლიური სკოლის ნოსტალგია ხშირად აქვს.

მერი მოწყობილის მსგავს ისტორიას კიდევ ბევრი მოზარდი იზიარებს. ათასობით მოსწავლეს უხდება დატოვოს სახლი, სკოლა, მიატოვოს მეგობრები და არჩევანის გარეშე, შეეგუოს მისთვის სრულიად ახალ გარემოს. იმ ქალაქს და ქვეყანას, სადაც ჯერ არც უცხო ენა იცის და არც ერთი მეგობარი ჰყავს. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევანი არც მათ მშობლებს აქვთ. ნინო ხოზრევანიძე, საფრანგეთში სამი შვილით წავიდა.

ცხოვრება, მშობლებთან ერთად, სამმა არასრულწლოვანმა, საფრანგეთში ლტოლვილთა კარვებში დაიწყო. ერთი მეექვსე კლასშია, მეორე მეშვიდეში, უფროსი კი სკოლას წელს ამთავრებს. დედა ამბობს, რომ გადადგმული ნაბიჯით, დღეს, ოჯახი კმაყოფილია, თუმცა  შვილებმა  ადაპტაციის ურთულესი პერიოდი გაიარეს.

მოსწავლის სტატუსი, 2023 წელს, საქართველოში, 10 000-ზე მეტ მოსწავლეს შეუჩერდა. აქედან, ნახევარზე მეტს, 5 604-ს, იმ მიზეზით, რომ ოჯახთან ერთად, უცხოეთში წავიდა. სავალალო სტატისტიკაზე, სახალხო დამცველმა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ომბუდსმენი, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებულ სტატისტიკას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, ყველაზე მეტი მოსწავლე, თბილისის შემდეგ, აჭარიდან წავიდა.

ემიგრაციის მასშტაბები სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება, თუმცა ახლა ერთი განსხვავებით - თუ აქამდე შვილები ოჯახებში რჩებოდნენ და ქართულ სკოლებში იზრდებოდნენ, დღეს არავის სურს სამშობლოში დატოვოს, ეს იმიტომ რომ მათთვის, მშობლები, ამ ქვეყანაში უკეთეს მომავალს ვეღარ ხედავენ. განათლების ექსპერტი ამბობს, რომ ეს სისტემის უნდობლობაზე მიუთითებს.

ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც ქვეყანა კარგავს, სხვა იძენს,  რადგან მათგან ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდება უკან სამუშაოდ. ახალგაზრდები კარგავენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას -  სრულყოფილად ისწავლონ მშობლიური ლიტერატურა და ისტორია, რომელსაც უცხოურ სკოლებში ვერ ეუფლებიან.

მეტის ნახვა